19 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
მოსკოვის პოლიტიკური მიზნები - რუსეთს შავი ზღვის გარშემო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აშენება სურს

დიმიტრი მედვედევი ძველი რუსული ეკონომიკური პროექტის გაცოცხლებას ცდილობს. რუსეთის პრემიერმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს ზღვის გარშემო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

ამ იდეას, წლებია BSEC-ის სხვა წევრები სკეპტიკურად უყურებენ. გარდა მისი განხორციელების ეკონომიკური სირთულისა, ყველა ხედავს პროექტის პოლიტიკურ პრობლემასაც. საუბარია ჩქაროსნულ გზატკეცილზე, რომელიც სტამბოლიდან იწყება, ბათუმსა და ფოთს გაივლის, ნოვოროსიისკიდან ქერჩისა და ოკუპირებული ყირიმის გავლით საბოლოოდ ბულგარეთში ჩადის. რუსულ მარშრუტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინა. კიევი პარტნიორებს ალტერნატიულ გზას მარიუპოლის გავლით სთავაზობს.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის პრეზიდენტი, პოროშენკო სტამბოლში სწორედ ამ მიზეზით არ ჩავიდა.

მოხდა თუ არა სტამბოლშივე ამ საკითხზე რაიმე ტიპის კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და სთავაზობს თუ არა მოსკოვი თბილისს ამ მაგისტრალის აფხაზეთზე გატარებას, უცნობია.

რომელ მარშრუტს დაუჭერს ოფიციალური თბილისი მხარს - რუსულ თუ უკრაინულს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ სურს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რკინიგზის აშენება მოსკოვს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სურს. რუსეთმა ამ მაგისტრალის მშენებლობა სოჭის ოლიმპიადის წინ დაიწყო და რუსული მონაკვეთის ასაშენებლად კრემლი მზადაა 80 მილიარდი რუბლი გამოყოს.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები