24 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
ვალერი ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ლევან მურუსიძემ და თამარ ალანიამ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იცოდნენ.

სააპელაციო სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, რუსთავი 2-ს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ ვალერი ცერცვაძე თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის მიზეზად ცერცვაძე iPlus-თან დაკავშირებულ სასამართლო დავას ასახელებს და მისი განმარტებით, მას სურს საქმეზე ზედმეტი კითხვები აღმოფხვრას.

თამარ ალანიას განმარტებით, ვალერი ცერცვაძის გადადგომასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„ჯერ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიუღია, ანუ დაკმაყოფილდება თუ არ დაკმაყოფილდება ეს საკითხი, კიდევ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ,“ - განაცხადა თამარ ალანიამ.

შეგახენებთ, რომ iPlus-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა სასამართლო დავის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კომპანია iTechnic-მა გააკოტრა, რომლის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე დგას.

თავის მხრივ ვალერი ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები კი ამტკიცებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს iTechnic-თან არაფერი აკავშირებდა. მათ შორის არც ვალერი ცერცვაძის მეუღლეს, iTechnic-ის გენერალურ მენეჯერს.

დღის ამბები