19 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
ნატო ზრუნავს რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე - მიხეილ ჯანელიძე

ეს არის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი - ამ განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას გამოეხმაურა.

მიხეილ ჯანელიძემ კურიერის ეთერში ასამბლეის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატო აღიარებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, დემოკრატიულ პროგრესს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენ ვართ ევროპასთან ასოცირებული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი და ძალიან ღრმა, მჭიდრო თანამშრომლობის მქონე ნატოსთან და ასევე ასპირანტი ქვეყანა. დღეს საკმაოდ სიმბოლურია ის, რომ დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საქართველოში. ეს არის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი და უდიდესი აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ეს პროცესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ჩვენს თავსებადობას ნატოსთან,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსეთი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ასამბლეის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემაა. მიხეილ ჯანელიძემ უსაფრთხოების კუთხით ნატო-საქართველოს ურთიერთობის და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ ნატოს გენერალური მდივნის იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები სწორედ საქართველოთი დაიწყო.

მინისტრი ამბობს, რომ ნატო ზრუნავს რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე.

„ნატო არის უსაფრთხოების თავდაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და შესაბამისად, ის ზრუნავს არა მხოლოდ ალიანსზე, არამედ მის პარტნიორებზე, ასპირანტ ქვეყნებზე,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები