საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისა და ქვეყნის წინაშე ფიცი თავისუფლების მოედანზე 324 წვევამდელმა დადო. თავისუფლების მოედანზე მოხვედრამდე მათ 3-თვიანი სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სამხედროებს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მიმართეს.
წვევამდელებთან ერთად თავისუფლების მოედანზე იყვნენ განლაგებულები, ნატო-ს სწრაფი რეაგირებისა და თავდაცვის სასწავლო ცენტრების სამხედროები. დასავლური წარმოების საშუალებებთან ერთად თავისუფლების მოედანზე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკაც იდგა. სამრეწველო ცენტრმა დელტამ საზოგადოებისთვის დღეს უახლესი შეიარაღების ნიმუშიც წარმოადგინა.
დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრალურ მოედანს ავიაციამ არ გადაუფრინა. ეს გადაწყვეტილება თავდაცვის უწყებამ მოქალაქეების უსაფრთხოებით ახსნა.