25 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
ოპოზიცია ვალერი ცერცვაძის გადადგომას ხელისუფლების გეგმებს უკავშირებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ვალერი ცერცვაძის გადადგომას სისტემურ პრობლემას უკავშირებს მისი ყოფილი კოლეგა. მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვების ოფიციალური მიზეზი ორ კომპანიას შორის დაწყებული სასამართლო დავა, მხოლოდ ფორმალობაა. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ცერცვაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ამავე სასამართლოს მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს დაუთმო.

სასამართლოს ე.წ. კლანების შესახებ საუბრობს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ზაზა ხატიაშვილი სამი მოსამართლის - ცერცვაძე, მურუსიძე, ჩინჩალაძის გავლენებზე და მათ მიერ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.

ვალერი ცერცვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ სამოქალაქო სექტორში. ოპოზიცია კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელისუფლების გეგმებს უკავშირებს. უმრავლესობაში კი მხოლოდ ზოგად განცხადებებს აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ვალერი ცერცვაძემ მიზეზად კომპანია აიპლიუსსა და მისი ოჯახის კუთვნილ აიტექნიკს შორის დაწყებული სასამართლო დავა დაასახელა, რომელიც სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. ცერცვაძის განცხადებას პოსტიდან წასვლის შესახებ ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები