25 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
არტ-ვილა გარიყულას კოლექციას ირანელი არტისტების არტობიექტები "ბუნების მეგობარი და ბუნების მტერი" შეემატა

სოფელ გარიყულას შთაგონებით ირანელმა არტისტებმა სარკის ფორმის ადამიანი შექმნეს. იდეა კი მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ზდანევიჩების სასახლის ეზოში სეირნობდნენ. არტობიექტის ფუნქციაც სწორედ ესაა, სარკეში ობიექტების მაგივრად ცა და ბუნება აირეკლება.

მსოფლიოში ცნობილი გრაფიტის ოსტატები, ძმები აისი და სოთი, საქართველოს პირველად ესტუმრნენ და ასევე პირველად იმუშავეს სარკის ინსტალაციაზე.

აისის და სოთის არტობიექტები ბუნების მეგობარი და ბუნების მტერი არტ-ვილა გარიყულას კოლექციას დღეიდან შეემატა და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ნაწილი გახდება.

წარმოშობით ირანელი არტისტების მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. თავიანთი ხელოვნებით ისინი მუდმივად იბრძვიან ადამიანთა უფლებებისთვის, აპროტესტებენ ეკოლოგიურ საფრთხეებს, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსამართლობას. მათი შემოქმედების ნახვა ხუთივე კონტინენტის მეგაპოლისების კედლებსა და გალერეებშია შესაძლებელი.

საქართველომდე აისის და სოთის ნამუშევრები ნიუ იორკის, ბერლინის, ამსტერდამისა და მილანის საექსპოზიციო სივრცეებშიც გამოფენილა. 2012 წელს ძმებს ჯილდოდ აშშ-ში ხელოვანთა საცხოვრებელი ვიზა გადაეცათ.

საქართველოში ორი კვირის წინ დაწყებული მოგზაურობა კი 4 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც წარმოშობით ირანელი არტისტები საკუთარ ხელოვნებას ევროპის ქვეყნებს გააცნობენ. 

დღის ამბები