16 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
სრულიად არასახარბიელო ვითარებაა - მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტროს აკრიტიკებს

„ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ სასკოლო განათლების საფეხურზე,“ - ასე აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, აღნიშნავს, რომ წლევანდელი მონაცემები წინა წლისგან არ განსხვავდება. შაბათის კურიერში მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდების ცვლილებით არსებული განათლების დონე ვერ გაუმჯობესდება.

მან ხაზი გაუსვა, რომ, დღესდღეობით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში პრობლემებია და ეფექტური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

„რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ ეს, ალბათ, ანარეკლია სწორედ იმ პრობლემებისა, რომელიც სასკოლო განათლების საფეხურზე არსებობს და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება, თორემ მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებით პრობლემა არ გვარდება,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პედაგოგების კვალიფიკაციაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და გადამწყვეტია განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის.

მიმინოშვილმა განაცხადა, რომ 3-4 ივნისს დაგეგმილია კონფერენცია, სადაც არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ. 

დღის ამბები