24 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას დადებითად აფასებს

სააპელაციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეხმაურებიან. საბჭოს ის წევრები, რომლებმაც ჩინჩალაძეს მხარი დაუჭირეს, ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ და მიხეილ ჩინჩალაძის არჩევას მისი პროფესიონალიზმით ხსნიან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რევაზ ნადარაია, აცხადებს, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი გამოცილების გათვალისწინებით დანიშნა.

„ეს არის მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებები. ეს არის რაღაც ლეგენდები თუ რაღაც დადის მასთან დაკავშირებით. თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება მიიღო მისი გამოცდილებიდან, მისი მაღალი კომპეტენტურობიდან გამომდინარე,“ - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან თევზაძისთვის გაუგებარია, რატომ არის კითხვები მიხეილ ჩინჩალაძის მიმართ. ის სააპელაციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს სრულ ნდობას უცხადებს.

„ჩემი პირადი მოსაზრება არის ასეთი, იმიტომ არსებობს რაღაც კითხვები, რომ ის არ ზის რომელიღაც საინტერესო, განსაკუთრებული ბექგრაუნდის და ისეთ ადამიანებთან და არ იხილავს კონკრეტული ქეისის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს,“ - აცხადებს ლევან თევზაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დანიშნა. სააპელაციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ვალერი ცერცვაძე ჩაანაცვლა, რომელმაც გადადგომის მიზეზად iPlus-თან დაკავშირებული სასამართლო დავა დაასახელა. ცერცვაძის თქმით, არ სურს პროცესის მიმდინარეობისას მისი თანამდებობიდან გამომდინარე გარკვეული კითხვები გაჩნდეს.

დღის ამბები