20 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების სია - შეფასებები და კრიტიკა პარლამენტში

ევროსასამართლოში წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის პროცესსა და შედეგებს საკანონმდებლო ორგანოში აფასებენ. უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხედულებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ფიქრობს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესი გამჭვირვალედ და სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა.

„არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველასთვის მოსაწონი იქნება. ამიტომ ჩვენ უდნა დავიცვათ პროცედურა და კრიტერიუმები. მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ დონეზე ყველა პროცედურა იყო გავლილი ძალიან სწორად,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ ყოფილი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოსაწონი კანდიდატები შეარჩია.

„ივანიშვილს სურს, რომ შეარჩიოს ისეთი ტიპის მოსამართლე, რომელიც იქნება მათი ნების ამსრულებელი და ამით მათ აქვთ მცდელობა, რომ გარკვეულწილად, გავლენა მოახდინონ სტრასბურგის სასამართლოზე გადაწყვეტილებების დროს. სტრასბურგის სასამართლო ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს იცავს,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, კონკურსს ვერ ატარებს ისე, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვი არ არსებობდეს.

„ეს არის იმავე სამინისტროს და იმავე მინისტრის მიერ ორგანიზებული კონკურსი, რომელ მინისტრსაც უკან დაუბრუნეს ერთხელ უკვე გაგზავნილი სია, იმიტომ რომ კონკურსებს ვერ ატარებს ეს სამინისტრო და კონკრეტულად, ქალბატონი წულუკიანი ისე, რომ არ არსებობდეს პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვი,“ - განაცხადა თარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები