19 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელს მისი მეუღლე 26 ივლისს გლდანის ციხეში მოინახულებს

დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისი მეუღლე, თუბა ჩაბუქი, 26 ივლისს გლდანის ციხეში შეხვდება. ამ ინფორმაციას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ადასტურებს. 

ცოტა ხნის წინ კი ჩაბუქი საპატიმროში ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა მოინახულა და ასევე, სკოლა-ლიცეუმ "სხივში" მის ოჯახსაც შეხვდა. რებეკა ჰარმსმა აღნიშნა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებით იმედგაცრულებულია, რომლის თანახმადაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ციხეში არსებული მდოგმარეობით და დემირელის კოლეჯის დირექტორთან მოპყრობით კმაყოფილია. მისი განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან შეხვედრის დროს, პრიორიტეტს მის ოჯახზე საუბარი წარმოადგენდა.

„ჩემთვის ძალიან გულისშემძვრელი იყო, რომ ბატონ ჩაბუქისთვის პრიორიტეტი მის ოჯახზე საუბარი იყო. ასეთი დამოკიდებულება სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევებშიც მინახავს. მას ნამდვილად ენატრება თავისი შვილები და რაც შეიძლება მალე უნდა შეხვდეს ოჯახს, დამაბრკოლებელი ფანჯრის გარეშე. ვცდილობ, დავარწმუნო საქართველოსა და ევროკავშირის ხელისუფლებები, რომ იდგნენ კანონის უზენაესობის მხარეს და არ დააბრუნონ ან გადასცენ, ბატონი ჩაბუქი, თურქეთს მხოლოდ იმისთვის, რომ ის არის მასწავლებელი,“ - განაცხადა რებეკა ჰარმსმა. 

რებეკა ჰარმსი აცხადებს, რომ ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ დაუშვას ჩაბუქის ექსტრადირება, რადგან თურქეთში არსებული მდგომარეობა დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

ევროპარლამენტარისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს თავშესაფარი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ან საქართველოში ჰქონდეთ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა, ევროპარლამენტარს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი თავად ევროკავშირის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„ჩვენ გვჭირდება ასეთი თანადგომა და მისი აქ ყოფნა, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერას ნიშნავს. პირველივე დღიდან ვაცხადებდი, რომ იმედი ამოწურული არ მაქვს. მჯერა, ქალბატონ რებეკას დღევანდელი გზავნილები საქართველოს მთავრობამდე მიაღწევს, რომელიც მალე ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. მჯერა, ოჯახი კვლავ გაერთიანებას შევძლებთ,“ - აცხადებს თუბა ჩაბუქი.

დღის ამბები