20 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
საკაბელო მაუწყებლების ნაწილმა საკუთარი აბონენტები 6 ქართული არხის გარეშე დატოვა

საკაბელო მაუწყებლების ნაწილმა 6 ქართული არხი გათიშა. მიზეზი, რომლის გამოც აბონენტების ნაწილი ამ წუთებში სასურველ არხს ვერ უყურებს, ფინანსური დავაა.  

დილიდან აბონენტებს, რომელებიც საკაბელო ოპერატორების მომსახურებაში ფულს იხდიან და სერვისს ყიდულობენ, რუსთავი2, იმედი, მაესტრო, ჯიდიესი, მარაო და კომედი არხი არ მიეწოდებათ.

ის, რომ საკუთარ აბონენტებს 6 ქართული არხის გარეშე ტოვებდა, ეს გადაწყვეტილება საკაბელო მაუწყებლების ნაწილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

საკაბელო ოპერატორები, რომლებსაც სატელევიზიო არხების მიწოდებისთვის აბონენტები მომსახურებაში საფასურს უხდიან, დღემდე მიღებული შემოსავლის ნაწილს მხოლოდ უცხოურ არხებს ურიცხავდნენ.

მას შემდეგ კი, რაც ქართულმა რეიტინგულმა ტელევიზიებმა მათ ანალოგიური ანაზღაურება მოსთხოვეს, საკაბელო ოპერატორებმა საკუთარი აბონენტები ყველაზე რეიტინგული ქართული მაუწყებლების გარეშე დატოვეს.

ამ თემაზე დღეს განცხადება ქვეყნის უმსხვილესმა საკაბელო ოპერატორებმა მაგთიკომმა და სილქნეტმა გაავრცელეს.

მაგთიკომის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ეთანხმება მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკას ტელეკომპანიებისათვის საფასურის გადახდასთან დაკავშრებით. ხოლო სილქნეტი ტელევიზიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები