არასამთავრობო ორგანიზაციები ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურებიან. საუბარია პატრულ-ინსპექტორის მიერ მამაკაცის დაკავებაზე, რა დროსაც ის გარდაიცვალა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების და გარდაცვალების ფაქტი კამერებს არ დაუფიქსირებია, მათ შორის არც თავად პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.
„რატომ მაინცდამაინც ის კრიტიკული კადრები არ არის გადაღებული? გარდა ამისა საინტერესოა ხომ არ მოხდა შემდეგ ამ კადრების წაშლა. ყველაფერთან ერთად საეჭვოა ზუსტად ის გარემოება, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა პოლიციასთან ურთიერთობის დროს,“-განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით აუცილებელია სახელმწიფომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც პროკურატურამ გააკეთა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ კი აცხადებენ, რომ იმ ჩანაწერებითაც კი, რაც არსებობს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა შესაძლებელია.
„ შესაძლებელია იმის დადგენა კანონიერი იყო თუ არა დაკავება. დროულ გამოძახებასთან მიმართებაში კი, ოცამდე მოწმეაო დაკითხულიო და მეზობლები ნათლად ამბობენ, რომ ეუბნებოდა და არ გამოიძახეს დროულად. ამას სულ არ უნდა კამერების ჩანაწერები,“-განაცხადა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხაჩიძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის განცხადებით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მტკიცებულებების განადგურებასთან ეს არის მძიმე დანაშაული. ხოლო თუ დადგინდა, რომ პატრულის თანამშრომელი ისე ახორციელებდა მოვალეობას, რომ არ იწერდა, ესეც არის პასუხისმგებლობის საგანი.
შემთხვევა 4 დღის წინ ნუცუბიძის ფერდობზე მოხდა. 31 წლის პაატა პავლიაშვილი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მის დაკავებას პატრულ-ინსპექტორი ცდილობდა.
დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ სამხრე კამერებზე არც ინციდენტი და არც დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ არის.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველა კამერაზე - მათ შორის ავტომანქანისა და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებზე ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.