25 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
„ყველანაირი დოკუმენტაცია და მოთხოვნები გადაგზავნილია"- თეა წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში შესაძლო ექსტრადაციასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა განმარტება გააკეთა. იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინულ მხარესთან ყველა დოკუმენტი გაგზავნილია და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალური კიევის მისაღებია.

„ყველანაირი დოკუმენტაცია და მოთხოვნები გადაგზავნილია. 2014-2015 წლებში ეს უარები ჩვენ მოთხოვნებზე შემოვიდა, ბოლოს მოთხოვნილი იყო კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ კვლავ ძალაში იყო ჩვენი ექსტრადიციის მოთხოვნა, რაც გაკეთდა ამ რამდენიმე ხნის წინ. ამ ბოლო დღეებში სიახლე და დიალოგი აღარ ყოფილა, ხოლო ჩვენ მოთხოვნას როგორ განიხილავს უკრაინული მხარე, რა ვადებსა და მეთოდით, არის უკრაინული სახელმწიფოს და მათი სამართალდამცავი და სასამართლო სტრუქტურების საქმე,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხზე განმარტება მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემაც გააკეთა.

„კომუნიკაციების ბოლო თარიღზე ზუსტად ვერ გეტყვით და არც გეტყვით. ბოლოს ჩვენ მივმართეთ სამჯერ უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და მათგან ქმედით ღონისძიებებს ველოდებით,“- განაცხადა გიორგი გოგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ექსტრადირების პროცედურები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ის შესაძლოა, რამდენიმე თვეც გაგრძელდეს. დავით კაკოიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ევროპულ კონვენციას არ დაარღვევს, ის ვერ შეძლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას.

„ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, თუ ადამიანს მომთხოვნი სახელმწიფო შესაძლოა, სდევნიდეს პოლიტიკური მოტივებით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არის დაკავშირებული მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია პირის გადაცემა,“- განაცხადა ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები