20 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
გავრცელებული ცნობით, პუჩდემონი ბრიუსელშია - ესპანეთის პროკურატურა კატალონიის ლიდერებს ამბოხების მოწყობაში ადანაშაულებს

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი საკუთარი პარტიის შეხვედრას არ დასწრებია. გავრცელებული ცნობით, ის ბელგიის დედაქალაქში იმყოფება. ექსპერტების შეფასებით, პუჩდემონმა და მისმა მთავრობამ კანონი დაარღვია, ამიტომ მას პოლიტიკური მხარდაჭერა არავისგან ექნება.

„რაც ვიცით, არის ის, რომ პუჩდემონი ბრიუსელშია, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რისთვის. აპირებს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას ან შეეცდება თუ არა პოლიტიკოსებთან შეხვედრას. ყველამ და თავად პუჩდემონმაც იცის, რომ ის ვერ შეხვდება ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტის ან ბელგიის ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენელს. ეს გამორიცხულია. შესაძლოა ელის ფლამანდიის რეგიონული მთავრობის ან პარლამენტის წევრებთან შეხვედრას. შეიძლება თვითონაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს. მას ესპანეთში პატიმრობა ემუქრება,“- განაცხადა ექსპერტმა, როლანდ ფრაუდენშტაინმა.

ესპანელი ჟურნალისტების ნაწილის აზრით, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და, ფაქტობრივად, ყველა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ესპანეთში კონსტიტუციურ წესრიგს და ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს.

„არ არსებობს კონსტიტუცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ რეგიონს შეუძლია გამოყოფა და დამოუკიდებლობა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღია საკითხად რჩება ის, რომ დღეს შეხვედრებს მართავენ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე მთავარი პოლიტიკური პარტიები იმისთვის, რომ 21 დეკემბრის არჩევნებთან დაკავშირებით სტრატეგია განსაზღვრონ. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, ეს იქნება მათი მხრიდან აღიარება, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობა არ არსებობს,“- განაცხადა ესპანელი ჟურნალისტმა, ანა პისონერომ.

ესპანეთის გენერალური პროკურატურა კატალონიის ლიდერებს ამბოხების მოწყობაში ადანაშაულებს. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით უწყების მოთხოვნა მოსამართლემ უნდა განიხილოს. ბრალდება 30-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

„გენერალური პროკურორის ოფისი ბრალად უყენებს აჯანყებას, ამბოხისკენ მოწოდებას და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას კატალონიის მთავრობის წევრებს, რომელთა ქმედებებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიწვია ინსტიტუციური კრიზისი, რაც დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებით დასრულდა. ამავე დროს ბრალს ვუყენებთ საპარლამენტო კომიტეტის წევრებს, რომლებმაც თავისი თანხმობით ხელი შეუწყვეს დამოუკიდებლობის პროცესის განვითარებას,“- განაცხადა ესპანეთის გენერალური პროკურორმა, ხოსე მანუელ მასამ.

 

 

დღის ამბები