25 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
ტრაილერი 280 მეტრში იდგა გვირაბიდან და გვერდის ავლის საშუალება იყო - სამართალდამცველების ადვოკატი

ბექა ხახუბიას საქმეში ბრალდებული პოლიციელის უფლებადამცველი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გამორიცხავს.

როგორც გადაცემა არჩევანში ადვოკატმა, თამარ აბესაძემ, განაცხადა, "სამართალდამცველები იქცეოდნენ კანონის სრული დაცვით და ბრძანება გზის გადაკეტვის თაობაზე გაიცა სწორედ ხახუბიას ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ცდილობდა, გაქცეოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს".

მისი თქმით, როდესაც ბექა ხახუბია მოძრაობდა ავტობანზე, მან რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟზე განახორციელა თავდასხმა და რომ არა მათი სწრაფი რეაგირება, პოლიციელები დაიღუპებოდნენ.

მისივე თქმით, რაციაში ისმოდა პატრულის თანამშრომლების ყვირილი - „გაეცალეთ, გვირტყამს“.

თამარ აბესაძემ აღნიშნა, რომ შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადასცეს ერთმანეთს, რომ მანქანა მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით.

"ყველა დაზარალებული ეძებს დამნაშავეს," - აცხადებს ადვოკატი, მაგრამ, მისივე თქმით, "ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პოზიციის გამო დაისაჯოს პატრულის თანამშრომელი, რომელიც მოქმედებდა კანონის ფარგლებში".

თამარ აბესაძის ინფორმაციით, ტრაილერი, რომლესაც ჰქონდა გზა გადაკეტილი პატრულის ბრძანებით, 280 მეტრში იდგა  გვირაბიდან და იყო იმის საშუალება, რომ ბექა ხახუბიას გვერდი აევლო.

„სამმეტრიანი გზა იყო დატოვებული და მას მანევრის გაკეთება უნდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუაში დაეჯახებოდა ტრაილერს და არა ტრაილერის წინა მხარეს,“ - განაცხადა ადვოკატმა.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია, ნასვამ მდგომარეობაში, ავტომობილით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

პატრულმა მას მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ ხახუბია მოთხოვნას არ დაემორჩილა და გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით. ხაშურში წრიული მოძრაობით მანქანა შემოაბრუნა და ისევ თბილისისკენ წამოვიდა.

გორის გვირაბის გასასვლელში პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით გზა გადაკეტა.  დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში პატრულის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები