25 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
ხახუბიას საქმის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ ტრაილერი პოლიციელებმა ისე ჩააყენებინეს, რომ მძღოლი გვერდს ვერ აუქცევდა

გორის გვირაბთან დაღუპული ბექა ხახუბიას საქმის განხილვა გორის სასამართლოში, დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდა. პროცესზე ტრაილერის მძღოლს მოუსმინეს, რომელმაც პატრულის მითითებით გვირაბთან შესასვლელი გზა გადაკეტა.

ავტომობილის მძღოლმა პროცესზე იმ დეტალებზე ისაუბრა თუ როგორ მიიღო დავალება საპატრულო პოლიციისგან, რომ გორის გვირაბთან გზა ჩაეხერგა. როგორც ბრალდების მოწმემ განაცხადა, იმის გამო, რომ ტრაილერის შემდეგ იდგა ასევე ევაკუატორის მანქანა, სავარაუდოდ ბექა ხახუბია ვერ დაინახავდა ტრაილერს. მისივე თქმით, სავალი ნაწილი არ იყო დატოვებული და მძღოლი ვერ შეძლებდა აექცია გვერდი წინაღობისთვის.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდებულების ადვოკატი. თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ტრაილერი, რომლითაც სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს, ისე იდგა, რომ დაბალი სიჩქარით მოძრავი მანქანა გაივლიდა და მოახდენდა მანევრს.  

ბრალდებული პოლიციელების ინტერესებს იცავს ასევე ადვოკატი ნოდარ ცინცაძე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენებაში გარდაცვლილის ძმამ თქვა, რომ ბექა ხახუბიას ხშირად აჯარიმებდნენ სხვადასხვა დარღვევისთვის და მან გამოითხოვა საპატრულო პოლიციისგან ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეს დაურთოს. 

პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ნასვამ მდგომარეობაში, ავტომობილით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

პატრულმა მას მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ ხახუბია მოთხოვნას არ დაემორჩილა და გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით. ხაშურში წრიული მოძრაობით მანქანა შემოაბრუნა და ისევ თბილისისკენ წამოვიდა.

გორის გვირაბის გასასვლელში პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით გზა გადაკეტეს. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. ის ადგილზე გარდაიცვალა.  

დღის ამბები