სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს. უწყების ცნობით, ყოფილი პრემიერის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი არ აქვს. შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს,“- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, ახალ წლამდე დატოვოს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე გადასცეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს.