25 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა. ფირცხალავა აცხადებს, რომ მას ციხეში მიუტანეს სასამართლოს სხდომის ოქმები და ამ ოქმებმა ციხის თანამშრომლების ხელში გაიარა.

ფირცხალავას თქმით, პროკურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს, მაშინ, როცა ამ ოქმების გასაჯაროებისთვის დეკანოზის ადვოკატებს ედავებიან.

ირაკლი ფირცხალავა პროკურორს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში საქმის პროკურორი და გამომძიებელი მივიდნენ. მათ ციხის ადმინისტრაციაში სისხლის სამართლის საქმეები დატოვეს და მასალებს შორის იყო ე.წ. ციანიდის საქმის დაკითხვის ოქმიც.

„სასჯელაღსრულების თანამშრომლებს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დაუტოვეს ჩემზე გადმოსაცემად. დაუტოვეს ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები. დღეს მისი კოლეგები ადვოკატებს დაათრევენ იქით-აქეთ სასამართლოებში, თუ ვის გადასცეს და ა.შ.“ - აცხადებს ფირცხალავა.  

ირაკლი ფირცხალავას განცხადების შემდეგ, პროკურორმა დაადასტურა, რომ ის იმყოფებოდა გამომძიებელთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მოხდა დახურული სხდომის ოქმის დატოვება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მასალებს შორის მხოლოდ ირაკლი ფირცხალავას ჩვენება იყო და ამით კანონი არ დარღვეულა.

„ერთადერთი ოქმი, რაც გადაეცა იმ საქმიდან, ეს არის თავად ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა. თვითონ სადაც დაიკითხა, ის სხდომის ოქმია მხოლოდ დატოვებული. 1 აგვისტოს სხდომის ოქმი,“ - განმარტავს პროკურორი.

პროკურორმა ირაკლი ფირცხალავა პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რასაც კატეგორიულად უარყოს თავად ბრალდებული.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას ინტერესების დამცველს, ის აცხადებს, რომ გამომძიებელმა და პროკურორმა ჩაიდენს დანაშაული და ის რეაგირებას ითხოვს.

დღის ამბები