24 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-გადაზიდვაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გამამართლებელ განაჩენს ელოდება

ბაგრატ ჯანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს ელოდება. ყოფილი სამართალდამცველი თბილისში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ნივთმტკიცებაზე, რომელიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, ექსპერტიზამ ვერც ჯანუაშვილის ბიოლოგიური მასალა და ვერც ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა.

დაკავებული ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები მას პოლიციამ ჩაუდო.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელსაც დაცვის მხარე გამოიყენებს, მოწმის ჩვენებაა.

ყოფილი პოლიციელის, ბაგრატ ჯანუაშვილის, დაკავებას ესწრებოდა მისი მეგობარი, რომელსაც წინასწარი გამოძიებისთვის პოლიციისთვის სასურველი ჩვენება აქვს მიცემული.

ბრალდებულის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, პოლიციაში მოწმეს ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და სასურველი შინაარსის ოქმი თავად შეადგინეს.

ყოფილი პოლიციელი, ბაგრატ ჯანუაშვილი, 2017 წლის 2 აგვისტოს თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში, დააკავეს. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეს თან დართული არა აქვს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს მოქმედი სამართალდამცველები თანამშრომლობას და რამდენიმე პირზე ინფორმაციას სთხოვდნენ. ამ მიზეზით ჯანუაშვილი სამართალდამცველებთან ყოველგვარ ურთიერთობებს ერიდებოდა.

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და უკანონო გადაზიდვის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასმართლოში 13 ნოემბერს გაგრძელდება. 

დღის ამბები