18 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ეკონომისტები პროდუქტებისა და საწვავის გაძვირებას პროგნოზირებენ

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ბოლო თვეების რეკორდი - ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ხვალიდან დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური კურსი 2.65 იქნება. რამდენიმედღიანი სტაბილურობის შემდეგ, ლარმა ისევ ვარდნა დაიწყო. 

ეკონომისტები პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებენ. ეკონომისტ, გიორგი პაპავას შეფასებით, საკვებ პროდუქტზე, საწვავზე, მედიკამენტებსა და იმპორტულ პროდუქტებზე ფასები ეტაპობრივად გაიზრდება.

ექსპერტების აზრით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„რისკი იმისა, რომ სასურსათო კალათზე, საწვავზე ფასები გაიზარდოს, არის ძალიან მაღალი. ეს რისკები ძალიან მალე დადგება, თუ სავალუტო რყევები გაგრძელდა ისე, როგორც ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდება,“- განაცხადა ეკონომისტმა, ირაკლი ყიფიანმა.

მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების არავითარი ეკონომიკური მიზეზები არ არსებობს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ იმ ფაქტორებს, რომელიც მოქმედებს ქეყანაში ვალუტის შემოდინება-გადინებაზე, ეს არის ექსპორტ-იმპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ყველა ეს მაჩვენებელი არის გასული წლის იმავე პერიოდთან შეადრებით არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ გაუფასურების არანაირი მიზეზი არ არსებობს,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები