24 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
ფოთში საქონელს ჯილეხის ინფექციაზე იკვლევენ

ფოთში საქონელს ჯილეხის ინფექციაზე იკვლევენ. 28 წლის ლანა გოგინავას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, საქონლის ხორცი გახდა.

ქალაქ ფოთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ჯილეხის იშვიათი ფორმით დაავადა. გარდაცვლილის ოჯახს შემთხვევაზე საუბარი არ სურს, ქალაქში კი ყვებიან, რომ ლანა გოგინავამ თერმულად დაუმუშავებელი საქონლის ხორცი გასინჯა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ლანა გოგინავამ მას შემდეგ, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო, საავადმყოფოს მიმართა, თუმცა ექიმებს მისი დაავადება დიფტერია ეგონათ, რის შემდეგაც ის იმერეთის რეგიონის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გააგზავნეს, სადაც ჯილეხი დადგინდა.  

ფოთის აგრარული ბაზრობის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ დაავადებული ხორცი ქალაქში არ იყიდება. ამის მიუხედავად, ქალაქში საუბრობენ, რომ ჯილეხს მაინც ვერ აღმოაჩენდნენ, რადგან ლაბორატორია არ აქვთ.

სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ ფოთსა და მის ირგვლივ მდებარე ყველა ბაზრობაზე ხორცს ლაბორატორიული ნიმუშები აღებული და შემოწმებულია.

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

დღის ამბები