25 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
55 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი აცხადებს, რომ ნათესავებმა ის ნაცემი მიატოვეს

რამდენიმე კვირაა საგარეჯოს პოლიცია ივანე კუპატაძის გარდაცვალების საქმეს იძიებს. 55 წლის მამაკაცის ნათესავებმა ის უგონო მდგომარეობაში სასტიკად ნაცემი იპოვეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ოჯახი ნათესავებს უყურადღებობაში, თანასოფლელს კი ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტის დეტალები ცნობილია სამართალდამცველებისთვის, თუმცა კუპატაძის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული.

გარდაცვლილის ძმის მეუღლე ამტკიცებს, რომ ნათესავებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სახლში ჩუმად შეიყვანეს და მიატოვეს. ივანე კუპატაძე ვენახში სწორედ იმ ნათესავებთან მუშაობდა, რომლებმაც ის ნაცემი იპოვეს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ივანე კუპატაძეს ამავე ვენახში დასაქმებული კიდევ ერთი პირი გაუსწორდა. ნათესავებმა კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სასტიკად ნაცემი მამაკაცი საკუთარი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ნათესავები ბრალდებებს უარყოფენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები