20 ოქტომბერი 2021,   08:20
ვრცლად
კალათბურთის ფედერაცია პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს 

კალათბურთის ფედერაციამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტობის სავარაუდო  კანდიდატებმა დაიწყეს მიზანმიმართული, არაჯანსაღი და საკალათბურთო სამყაროს შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება, რომლებიც მიზნად ისახავს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და კონკურენტი კანდიდატების დისკრედიტაციას.   

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ფედერაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს, პატივი სცენ საკალათბურთო საზოგადოებასა და თავიანთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ არამართლზომიერი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან, კეთილსინდისიერად წარმართონ თავიანთი საარჩევნო კამპანიები, ხოლო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავის მხრივ სრულყოფილად განახორციელებს წესდებით, მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის უზრუნველყოფს ჯანსაღ, ობიქტურ, სამართლიან და თანასწორუფლებიან საარჩევნო გარემოს," - ნათქვამია განცხადებაში.

თავად კანდიდატები კი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ თუ ასეთი შემთხვევები არსებობს, ფედერაციამ კონკრეტული ფაქტების უნდა დაასახელოს.

არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება, ამ დროისთვის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას პაატა გურასპაული, კახაბერ შენგელია და შიო ხეცურიანი აპირებენ.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.

დღის ამბები