20 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ხელისუფლებას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს

კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადება ამის შესახებ უწყების პრეს მდივანმა ბრიფინგზე გააკეთა. ჰიზერ ნოიერტის განმარტებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს უკრაინის ხელისუფლებასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმება.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანის დაკავება კანონის დაცვითა და ადამიანის უფლებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მან უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კიევში მიმდინარე მოვლენებს. კონტაქტი გვაქვს უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველაფერში ვეთანხმებით. ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ქუჩებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობების შესახებ. უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებთ ვითარების დეესკალაციისკენ. ასევე ორივე მხარეს მოვუწოდებთ თავი აარიდონ ძალადობას, დაიცვან კანონის უზენაესობა და მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. თუკი უკრაინის ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს, ეს უნდა მოხდეს ამ ქვეყნის კანონის შესაბამისად, ასევე ადამიანის უფლებების დარგში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას," - განაცხადა ჰიზერ ნოიერტიმ. 

დღის ამბები