30 სექტემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ექსპერტების შეფასებით, სააკაშვილი-კურჩენკოს სატელეფონო საუბრები სხვადასხვა ფრაგმენტებისგან შედგება

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, სადაც უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს.

ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რომ ფირი დამონტაჟებულია. კიევის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტი აცხადებს, რომ ჩანაწერი 24 ფრაგმენტისგან შედგება და სხვადასხვა საუბრებიდანაა აღებული, შესაბამისად ის სასამართლოზე მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

სწორედ ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებს უკრაინის გენპროკურორი, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან ფინანსდება და რადასთან მიმდინარე აქციების მიზანი, უკრაინაში ხელისუფლების დამხობაა.

„თუ შევხედავთ ხმის დინამიკურ სპექტოგრამას, რაც უფრო მუქია ფერი, მით უფრო მაღალია ამპლიტუდა. შეიძლება ზუსტად ვერ მიაწებეს. აი მაგალითად, სადაც ხარკოვის აღებას ახსენებენ. რა კავშირშია ეს საუბრის დანარჩენ ფრაგმენტებთან? შეიძლება ერთი მთლიანი საუბარიც იყოს და იქიდან ამოიღეს რაღაც არაინფორმატიული ნაწილები, მაგრამ ჩემი აზრით, ფრაგმენტები სხვადასხვა საუბრებიდანაა,“ - განაცხადა დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა კირილ უსკოვმა.

დღის ამბები