19 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
4 ჭრილობა გულ-მკერდის არეში - 15 წლის მოზარდი განსაკუთრებული სისასტიკით დაჭრეს

რუსთაველის გამზირზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მეათე კლასის მოსწავლე კლინიკაში გულ-მკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობით შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

კერძო სკოლის, „ოქროს აკვნის“  მეათე კლასის მოსწავლეს დანა გულ-მკერდის არეში 4-ჯერ ჩაარტყეს. დანაშაულის ადგილიდან კლინიკამდე გადაყვანის დროს მეათეკლასელმა 1 ლიტრი სისხლი დაკარგა. მკურნალი ექიმი ამბობს, რომ დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

კურიერის“ ინფორმაციით, გამომძიებლები ამ დროისთვის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს კითხავენ, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დაპირისპირებას რუსთაველის გამზირზე.

მომხდარის გამო პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღი დროებით დაიკეტა. იქ ოთხი საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორიას, სადაც 15 წლის მოზარდი დაჭრეს მერიის უსაფრთხოების სამსახური იცავს. ადგილზე ამ სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე მივიდა, თუმცა, განმარტება არ გააკეთა, თუ რატომ ვერ შეძლეს დაცვის თანამშრომლებმა თავდასხმის აღკვეთა.

სკოლის დირექტორისთვის უცნობია, ვისთან მოუვიდა კონფლიქტი მეათე კლასელს, თუმცა, ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი მისი თანასკოლელი არ არის.

რა გახდა მორიგი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი და რამდენი მოზარდი მონაწილეობდა მასში, ამ კითხვებს პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ შენობებზე დამონტაჟებული ჩანაწერების ამოღება და შესწავლა დაიწყეს. 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები