23 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
სანადირო თოფით მიყენებული თვითდაზიანებები - მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თოფით სახის არეში მრავლობითი ჭრილობები მიიყენა, უმძიმესია. მე-12 კლასის მოსწავლე კლინიკაში სანადირო თოფით სახის არეში მიყენებული დაზიანებებით მიიყვანეს.

ნათესავების ინფორმაციით, მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე საშიშმა ინტერნეტ თამაშმა მიიყვანა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ. სკოლამ მათ დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, მეთორმეტე კლასელის ხელზე თვითდაზიანებები შეამჩინეს. მაშინ სპეციალისტები ხელვაჩაურში თბილისიდან ჩამოვიდნენ.

მოსწავლის საეჭვო ქცევის შესახებ, სკოლის დირექტორმა, აჭარის განათლების სამინისტროს, სამინისტრომ კი ხელვაჩაურის პოლიციას შეატყობინა. ჩვენების დროს მოსწავლემ თქვა, რომ თვითდაზიანებები ინტერნეტ თამაშის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს მიიყენა.

იმას, რომ 17 წლის მოზარდის მიერ განხორციელებული სუიციდის მცდელობა ინტერნეტ თამაშს უკავშირდება, ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ გამოყენებას გულისხმობს.  

ამჟამად 17 წლის მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მას მძიმე დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. ექიმები მის მდგომარებას კრიტიკულად აფასებენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები