შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოეტ ზვიად რატიანის ბრალდებებს პასუხობს.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ, პოეტმა მედიას უთხრა, რომ ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცავებმა გააჩერეს და სცემეს.
მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციელები, რომლებმაც საპოლიციო კონტროლის ფარგლებში რატიანი გააჩერეს, იმყოფებოდნენ სამსახურეობრივ ფორმაში.
ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თავად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რატიანი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა სამართალდამცავებს.
„სამართალდამცავები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ საპოლიციო პოლიციის კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს ზვიად რატიანი. მასალიდან ასევე ნათლად ჩანს რომ ზვიად რატიანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად , წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს. რითაც არ აძლევდა მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა თუმცა ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი,“-განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, რატიანის ქცევის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი არსებობს, თუმცა, უწყება თავს იკავებს მისი გასაჯაროებისგან. ამასთან, შსს მზად არის, სურვილის შემთხვევაში, ეს ვიდეომასალა თავად ზვიად რატიანს გადასცეს.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვიდეო წარდგენილი იქნება მტკიცებულების სახით სასამართლოზე.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომელსაც რატიანი უყენებს პოლიციელებს, მინისტრის მოადგილის თქმით, დაწყებულია მოკვლევა და კანონის ფარგლებში დაისჯება ყველა პირი თუ ფაქტი დადასტურდება.
ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის მუხლით.