24 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
„კურიერის“ ინფორმაციით, გენერლის მკვლელობის ვერსიად ბიზნეს წილების გამო დავა განიხილება

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში პოლიციამ გიორგი ჭანტურია დააკავა, მაგრამ არა მკვლელობის ბრალდებით. ყოფილ პოლიციელს და პროკურორს გამოძიებამ ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინა, მაგრამ ოჯახი სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

მარიამ ჭანტურია ამტკიცებს, რომ მის ძმას ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას აიძულებდა. ოჯახის მტკიცებით, ზეწოლის გამო ჭანტურიას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.

გიორგი ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია რუსთავის ბაზრობის წილს ფლობდა, მოგვიანებით მას ეს დაათმობინეს, რასაც 2012 წლიდან ჭანტურიების ოჯახი ასაჩივრებდა. გამოძიება საქმეზე დაიწყო, თუმცა წილი ოჯახისთვის არ დაუბრუნებიათ. მოკლული გენერლის გვარი რუსთავის ბაზრობის მეწილეებს შორის 2016 წლიდან ჩნდება. ის აქციების 29% ფლობს.

„კურიერის“ ინფორმაციით, მკვლელობის მოტივად წილების გამო დაწყებულ დავას განიხილავენ სამართალდამცველებიც. მოკლული გენერლის ბიზნეს პარტნიორებს მთელი დღის განმავლობაში რუსთავის პოლიციაში კითხავდნენ.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ისრაელის მოქალაქემ ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა. 

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ძველ და ახალ მფლობელებს შორის წილების გამო დავა უკვე წლებია, გრძელდება.

ბრალდებული გიორგი ჭანტურია და მისი მამა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტია „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები იყვნენ. მათ მმართველ გუნდს 31 ათასი ლარი შესწირეს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები