25 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში ვაქცინა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს

სიცოცხლისთვის საშიში ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. რა პერიოდში და რამდენ ადამიანზე მოხდა ვაქცინის გამოყენება და არის თუ არა საფრთხეები თავიდან აცილებული - სწორედ ამ კითხვებზე ითხოვენ პასუხს ხელისუფლების ოპონენტები დავით სერგეენკოს უწყებისგან.

“ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან დეტალური ინფორმაცია უნდა გაავრცელოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდში ხდება ამ ვაქცინის გამოყენება, სადა იყო გამოყენებული და რა თქმა უნდა, მათ უნდა აღიარონ, ხომ არ ჰქონდა მძიმე შედეგი ასეთი ვაქცინის გამოყენებას იმ პერიოდში, როდესაც მისი გამოყენება მოხდა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მომხდარს აღმაშფოთებელ ფაქტს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„აღმაშფოთებელია ეს ამბავი, როდესაც მშობლები ვცრით პატარებს და მერე რამდენიმე თვის მერე ვიგებთ ასეთ ნიუსს, რომ თურმე არ იცოდა სახელმწიფომ, არ იცოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, შემომტანმა არ იცოდა, რა ხარისხის ვაქცინა შემოვიდა და ბავშვებს რაღაც საშიშროება ელოდებოდათ. მერე რაც არ უნდა თავი იმართლონ, ის, რომ მათ არ იცოდნენ, როგორ დაგეგმეს და რა ხარისხის შემოიტანეს, ეს უკვე არის კატასტროფა,“ - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.

განმარტებებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ.

„ჩანაცვლება მოხდა 2016 წლის მარტში, ზუსტად თვენახევარში, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, მოხდა ახალი ვაქცინებით ჩანაცვლება. საგანგებო აღნიშნულ სიტუაციაში არაფერია, მითუმეტეს იმ პირებს, ვინც უკვე ჩაიტარეს აღნიშნული ვაქცინაცია, არაფერი საფრთხე არ ემუქრებათ,“ - ამბობს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯანმრთელობისთვის სახიფათო პრეპარატების ნუსხაში შეტანილი ვაქცინით საქართველოში ცოფით დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები თვენახევრის განმავლობაში იცრებოდნენ, გუშინ გავრცელდა.

დღის ამბები