20 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
მოისმინონ ჩვენი არგუმენტები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება - მედია ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ 

52 მედია ორგანიზაცია მმართველი გუნდისგან მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, თავად კერძო კომპანიების და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებას მოითხოვს.

ოფიციალური მიმართვა პარლამენტს დღეს გაეგზავნა. კერძო მაუწყებლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს არ გაითვალისწინებს და კანონის არსებული სახით ამოქმედება მოხდება, კერძო მაუწყებლები სარეკლამო ბაზარზე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

„მოგვისმინონ, მოისმინონ ჩვენი არგუმენტები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ვიღაცა ვიღაცას უნდა მოერიოს. 2018 წელს კიდევ უფრო გაიზარდა 6 მილიონით და 2018 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბიუჯეტი 53 მილიონი ლარი, როდესაც 2017 წელს ყველა სხვა ტელევიზიისთვის იყო დაახლოებით 90 მილიონი ლარი. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა დისპროპორციაა,“ - აცხადებს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე ყურადღებას ამახვილებს "TV პირველის" კომერციული დირექტორიც. ნანა აბურჯანიძე აცხადებს, რომ მაუწყებლის დაფინანსება სარეკლამო ბაზრის შემოსავლის ნახევარზე მეტია. აბურჯანიძე სარეკლამო ნაწილის გარდა, შესყიდვებისა და სტარტაპებთან დაკავშირებული ცვლილების პრობლემურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის სარეკლამო ბაზარში ჩაბმას ეწინააღმდეგება ტელეკომპანია „იმედიც“.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაუწყებლის ჩაბმა სარეკლამო ბაზარზე უაღრესად უარყოფით გავლენას მოახდენს, როგორც სარეკლამო ბაზარზე, ასევე მთელ რიგ კერძო მაუწყებლებზე,“ - აცხადებს „იმედის” იურისტი ანდრო ლაშხი.

დღის ამბები