23 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
"რაც ნაკლები კონკურენციაა, მით უფრო ცუდია" - ექსპრტები "ჯეოსელის" გაყიდვას აფასებენ

„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვას ექსპერტები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ქვეყნიდან მსხვილი ინვესტორი, უცხოური კომპანიის გასვლა ცალსახად ნეგატიური მოვლენაა.

ექსპერტების აზრით, ნეგატიურია ისიც, რომ ისედაც დაბალი კონკურენციის პირობებში კონკურენცია კიდევ უფრო მცირდება და ოლიგოპოლიის საფრთხე იქმნება. ანალიტიკოსების თქმით, ამ შემთხვევაში მარეგულირებელმა კომისიამ მსხვილ კომპანიებს შორის გარიგებები არ დაუშვას.

„ორი გიგანტი გაგვიჩნდება, ერთი „ჯეოსელი“ და მეორე „მაგთიკომის“ შემთხვევაში. „ბილაინს“ ძალიან გაუჭირდება ამ ორ კომპანიასთან კონკურენციის გაწევა და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული კომუნიკაციების კომისიაზე, იმიტომ, რომ მათ მოუწევთ აქტიური მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კომპანიები აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად. საუბარია ტარიფების გაზრდასა და არაადეკვატურად მაღალი ფასის გადახდაში, რასაც დღეს ჩვენ უკვე ინტერნეტში ვიხდით,“- განაცხადა ექსპერტმა, მერაბ ჯანიაშვილმა.

ექსპერტები შიშობენ, რომ ბაზარზე ორი დიდი კომპანიის - „მაგთისა“ და „სილქნეტისთვის“ კონკურენციის გაწევა „ბილაინს“ გაუჭირდება.

„ბილაინის“ ჩათვლით სამი კომპანია რჩება და ზოგადად, რაც ნაკლები კონკურენციაა, მით უფრო ცუდია, იმიტომ, რომ მათ მარტივად შეეძლებათ ფასის გაზრდა ისე, რომ ხარისხი არ გაიზარდოს. როგორც უკვე ვნახეთ, რომ „მაგთიმ“ დაანონსა, რომ მობილურის ინტერნეტზე ფასები გაიზრდება,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მთავარმა ეკონომისტმა, ბესიკ ნამჩავაძემ.

ექსპერტ გიორგი პაპავას შეფასებით, ქვეყნისთვის კარგი არ არის, როცა უცხოელი ინვესტორები წყვეტენ, რომ ქვეყანა დატოვონ და აქ ბიზნესსაქმიანობა აღარ გააგრძელონ. 

დღის ამბები