20 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. ოსორაულები დაზარალებულად ცნობას და საქმის მასალებს მოითხოვენ.

მათთვის უკვე 6 თვეა არც გამოძიებას და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი ფაქტები არ გაუცვნიათ. ბოლო იმედი ნინო ოსორაულისთვის საქართველოს პრეზიდენტი იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, შეხვედრაზე უარი მიიღო.

გიორგი ოსორაული დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ცოცხალია და ახლა უკვე საკუთარი ძალებით ცდილობს მის პოვნას. თავადაც ყოფილი სამხედრო მფრინავი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბოლო ნახევარი წელია ხელისუფლება და გამოძიება ოჯახს მფრინავის საქმეზე არ ეკონტაქტება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი გაგზავნილი წერილისა მთავარ პროკურატურაში პასუხი დღემდე ვერ მიიღეს.

მინისტრები ამბობენ, რომ სახელმწიფო მუშაობს, თუმცა, რაზე და მოაქვს თუ არა მუშაობას შედეგები, ამის პასუხს ვერც ოჯახი და ვერც მედია ვერ იღებს.

ოპოზიცია კი ოსორაულების ოჯახის მხარდასაჭერად გაერთიანებას და ხელისუფლებისთვის მოთხოვნების დაყენებას აპირებს.

სამხედრო მფრინავ სოსო ოსორაულის მი-24 ტიპის ვერტმფრენი ზუსტად ერთი წლის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულებმა ჩამოაგდეს, ხოლო პილოტი ტყვედ ჩაიგდეს.

ხელისუფლებამ ოსორაული ჯერ გარდაცვლილად გამოაცხადა, ახლა კი ამბობს, რომ მათთვის გაურკვეველია მფრინავის ბედი.

დღის ამბები