18 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრისთვის გადახდილი ჰონორარი - განხილვამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა

სამოქალაქო სექტორი ახსნა-განმარტებებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარლამენტში დაბარებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელების აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისულ ვითარებაზე სახელმწიფო აუდიტორების მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიში მეტყველებს.

25 გვერდიან ფინანსურ დასკვნაში სახელმწიფო აუდიტორები არაკონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულ ტენდერებზე მიუთითებენ.

დოკუმენტში წერია, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მილიონ 800 ათასით ხელფასები ბორდთან შეუთანხმებლად გაზარდა. უწყება იწუნებს არხის საკადრო პოლიტიკასაც, იმის გამო, რომ ყველა თანამშრომელი, გარდა გენერალური დირექტორისა, შტატგარეშე თანამშრომლად ირიცხება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი საჯარო განხილვის საჭიროებას საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხედავს.

ერთ-ერთი შენიშვნა, რომელსაც ბორდი იზიარებს, სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, ლელა გაფრინდაშვილს ეხება, რომელიც ფინანსური დასკვნის მიხედვით, უფლებამოსილების დასრულების შემდეგ კიდევ 5 თვის განმავლობაში ჰონორარს იღებდა. საერთო ჯამში მას არხმა 12 ათას 800 ლარი გადაუხადა. ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო გარჩევამ სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა.

ლელა გაფრინდაშვილის განცხადებით, მას ეგონა, რომ ამ თანხას იმ კვლევის საფასურად იღებდა, რომელიც არხმა დაუკვეთა. თუმცა ბორდის წევრების განცხადებების მიხედვით, არანაირი ხელშეკრულება გაფრინდაშვილთან არ არსებობს და ხელფასი 5 თვის განმავლობაში ანგარიშზე ბუღალტერის შეცდომის გამო ირიცხებოდა. საქმე უკვე პროკურატურაშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები