24 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
მოზარდების მასობრივი ჩხუბი წერეთლის გამზირზე - დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან

მოზარდების მასობრივი ჩხუბი წერეთლის გამზირზე - დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ათზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათგან ორი, ფიზიკური დაზიანებით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

პედიატრი, თამარ ყიყიშვილი აცხადებს, რომ ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მალე გაწერენ.

„სავარაუდოდ, იყვნენ ნაცემები ეს ბავშვები თანატოლების მიერ. ერთ-ერთს აღენიშნებოდა მრავლობითი ესკორიაციები სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მეორე პაციენტს ჰქონდა ორი ნახეთქი ჭრილობა თხემისა და საფეთქლის არეში, ორივე ჭრილობა გაიკერა,“ – განაცხადა თამარ ყიყიშვილმა.

ექიმის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელშიც 30-მდე თანატოლი მონაწილეობდა.   

კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად კი სიგარეტის თხოვნა სახელდება. ამ ორი დაშავებულის გარდა კიდევ ორი ნაცემი მოზარდი სახლში იმყოფება.

ჩხუბში მონაწილეებიდან რამდენიმე პირი კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები