24 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
დაცხრილული და აფეთქებული მაღაზიები სოფელ შემოქმედში - "კურიერმა" კადრები მოიპოვა 

დაცხრილული და აფეთქებული მაღაზიები ოზურგეთის სოფელ შემოქმედში -„კურიერის“ მიერ მოპოვებულ კადრებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელიც ერთ-ერთი სუპერმარკეტის შიდა პერიმეტრზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ მოწყობილობას აგდებს და გარბის, რამდენიმე წამში კი მაღაზიის შიდა ტერიტორია ფეთქდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავის კადრები აქვთ, პირი, რომელმაც სოფლის ცენტრში მაღაზია ააფეთქა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

სოფელ შემოქმედის ცენტრში თავდასხმა გასულ კვირას კიდევ ერთ მაღაზიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის კარი დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა. შემდეგ კი მაღაზიაში შევიდა და სურსათი წაიღო. მაღაზიის მფლობელის ინფორმაციით, დამნაშავის იდენტიფიცირება პოლიციამ ვერ მოახერხა.

სოფელ შემოქმედის ცენტრში სასურსათო მაღაზიებზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას თვითმხილველები არ ჰყავს, რადგან ორივე ფაქტი გვიან ღამით მოხდა. თუმცა ადგილობრივები რაიონში გახშირებულ კრიმინალური ფაქტებზე საუბრობენ.

პოლიციას უმოქმედობაში ოპოზიციაც ადანაშაულებს და რეგიონში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს.

ოზურგეთის ცენტრში სასურსათო მაღაზიებზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა და ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ლადო მენაბდე 

დღის ამბები