ამ წუთებში სასტუმრო "holiday inn"-ში არასამთავრობო ორგანიზაციის და კერძო ტელეარხების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. მხარეები "რუსთავი 2"-ის საქმეზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონისა და კრიტიკული მედიის შეზღუდვის საკითხებში მარეგულირებლის როლზე მსჯელობენ.
შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც "TV პირველის" ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობას. მის ამ განცხადებაზე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა მეტი კონკრეტიკა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ის პირები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას, ნინო ჟიჟილაშვილმა უნდა დაასახელოს. ნიკა გვარამიას განცხადებით მას აქვს ინფორმაცია რომ ამ ზეწოლაში მონაწილეობდნენ კონკრეტული მაღალჩინოსნები.
„მინდა გითხრათ იმ პატარა სიმპტომების შესახებ, რომელიც გვქონდა ტელეკომპანია პირველს ბოლო პერიოდში. ეს იყო საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები. სიგნალები მდგომარეობდა შემდეგში-ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი რომ ბაზარზე არსებობს თუნდაც პატარა, მაგრამ სოლიდური საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, მიუკერძოებელი დამოუკიდებელი მედია სივრცე და ჩვენ ვიგრძენით რაღაც მომენტში განსაკუთრებული სიგნალები ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა, რაზეც ნიკა გვარამიამ კითხვით მიმართა და სთხოვა მას დაეკონკრეტებინა თუ რას ნიშნავს ეს სიგნალები და იყო თუ არა კონკრეტულ ადამიანებზე ზეწოლა.
„რას ნიშნავს სიგნალები, ვისგან იყო ეს სიგნალები, იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა. ფიგურირებდა თუ არა ქუმსიშვილის და ჯეჯელავას გვარები და ტექსტები მათთან დაკავშირებით? ჩვენ ეს დეტალები გვაინტერესებს ქალბატონო ნინო და არა ის კუთხეები შემოთლილი ტექსტი, რომელიც ახლა თქვენ ბრძანეთ. ის რომ "TV პირველის" კოლექტივი დიდი პატივს ვცემ თქვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამბედავად იხილავს 20 წლის წინ ქიბარ ხალვაშს, აქიმიძეს და დვალს რა უთხრეს რუსთავი ორთან დაკავშირებით ჩვენ ეს შეიძლება ძალიან გვაინტერესებდეს, მაგრამ ჩვენ კიდევ მეტად გვაინტერესებს რა გითხრეს თქვენ გუშინ,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მის ამ განცხადებას "TV პირველის" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ უპასუხა. მან მიმართა ნიკა გვარამიას თავად იცოდა თუ არა რაიმე ისეთი რაც "TV პირველის" არ იცის და რაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
„თქვენ გვეუბნებით იმას ვინ მოვიწვიოთ ეთერში?“-განაცხადა ვახო სანაიამ.
„ნიკა უკაცრავად და თქვენ ჩვენ გვიცავთ?“-მიმართა ნინო ჟიჟილაშვილმა ნიკა გვარამიას, რაზეც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების ზეწოლისგან "TV პირველის" დაცვა.