19 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
კამათი და პროტესტის ნიშნად დატოვებული დარბაზი - მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში ხმაურის ფონზე განიხილეს

მმართველი უმრავლესობა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების მობილიზებას იწყებს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს და მედიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრა კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.  

კერძო მედიასაშუალებების წარმომადგნელები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ირაკლი კობახიძე, რომ ახალი კანონი მათ ფინანსურად დააზარალებს. საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამისა და სპონსორობის უფლების გაფართოებას ეხება.

დაახლოებით, ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ, ტელეკომპანია „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და აღნიშნეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტრუქციული განხილვისთვის მზად არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლები პოლიტიკურ ინტერესების გამო დაადანაშაულა.

ამ განცხადებების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დეპუტატებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რატომ დაადო კანონპროექტს ვეტო და რატომ არ უნდა შევიდეს ის ძალაში.

მომავალ სასესიო კვირაში გაირკვევა დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს. მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი პოზიცია არ აქვს.

კერძო მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას არ გაიზიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები