16 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
50 მილიონი გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქციისთვის - ოპოზიცია მერიას აკრიტიკებს

გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქცია შესაძლოა ხმაურის მიზეზი გახდეს - სპეციალისტები განმარტებებს თბილისის მერიისგან ითხოვენ. ამ დრომდე უცნობია, რომელი კომპანია განახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

რეაბილიტაციის პროექტი „იუნესკოს“ საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ ქართულმა ეროვნულმა ჯგუფმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიმუშავა და თბილისის განვითარების ფონდს გადასცა, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.

შენობების დაზიანება და ნგრევა იყო მიზეზი, რის გამოც თბილისის განვითარების ფონდმა რეაბილიტაცია უტენდეროდ ითხოვა. მიმართვა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობების მწვავე ავარიულობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას იქ მცხოვრებლებს და დამთვალიერებლებს.

ეს მოსაზრებები მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციისათვის. მათი აზრით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, თბილისის მერია მისთვის სასურველი კომპანიის შერჩევას ცდილობს.

რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ტენდერის პირობებში დედაქალაქის ბიუჯეტი სულ მცირე 5 მილიონ ლარს დაზოგავდა.

თბილისის მერი აცხადებს, რომ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.

უტენდეროდ, კომპანიის შერჩევას, საეჭვოდ მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორში და მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა ამ მოთხოვნას არ უნდა დათანხმდეს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები