20 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი დღეს მიიღებს 

მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

სხდომა “ქართული ოცნების“ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, დღესვე ცნობილი უნდა გახდეს კონკრეტული დღე თუ როდის შედგება კენჭისყრა პარლამენტში "მაუწყებლის" კანონთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო უნდა დაიძლიოს და სახეცვლილი კანონი ძალაში შევიდეს.

„ჩემი აზრით უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ამის უფლება,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.  

ოპოზიცია ხელისუფლებას ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებას სთხოვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„მაუწყებლის შესახებ კანონის მიღება  ეს არის ხელისუფლებისთვის უკიდურესად მძიმე საკითხი. მათ გადაიმტერეს მთელი მედია სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ მთელი პოლიტიკური კლასი. ,მათ აქვთ მიღებული დავალება ივანიშვილისგან, მის გარდა ამ საკითხს ვერავინ გადაწყვეტს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრობლემებზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონი კერძო ტელეკომპანიებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„ისინი ჯიუტად აპირებენ დაძლიონ ვეტო მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ღიად ჩადგეს კონკურენციაში კერძო მაუწყებლებთან,“-აცხადებს გიორგი ტუღუში.

დღის ამბები