25 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
ხანძარი წმ. მიქაელის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში - ისტორიული შენობის 700 კვ.მ. დამწვარია

წმ. მიქაელის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 700 კვადრატული მეტრი დაიწვა.  ყოფილი საავადმყოფოს მარჯვენა ფლიგელის სახურავში ცეცხლი საღამოს 09:00 საათისთვის გაჩნდა და შენობის მეორე და მესამე სართულზე მალევე გავრცელდა.

აღმაშენებლის 60 ნომერში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს წლებია ატარებს. რას შეიძლებოდა გამოეწვია ხანძარი წმინდა მიქაელის საავადმყოფოში ადგილობრივებისთვის გაუგებარია. შენობა წლებია დაცლილია და აქ არც ელექტროენერგიაა და არც ბუნებრივი აირი.

ხელოვნებათმცოდნეები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი წმ. მიქაელის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მიზანმიმართულად გააჩინეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ტერიტორია სადავოა. 

წმ. მიქაელის საავადმყოფოს ყოფილი შენობასა და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე დავა ახლა მეორე ინსტანციის სასამართლოშია. კომპანია “აღმას,” რომელმაც ეს ნაკვეთი 4 მილიონ დოლარად იყიდა, დავა ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს.

ისტორიული შენობა ისეთი დაზიანებულია, რომ დღეს იქ მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმაც ვერ შეძლეს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები