20 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
პარლამენტში სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან

პარლამენტში სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ელოდებიან. უწყების წარმომადგენლები კანონმდებლებს გატარებულ რეფორმებს და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას გააცნობენ.

დეპუტატებს აინტერესებთ რას გეგმავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაზვერვის სამსახური.

„ის რომ რუსეთ აძლიერებს საკუთარ პოზიციებს ანექსირებულ ტერიტორიებზე, ეს არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თემა. იმიტომ, რომ მათ შორის დაზვერვის სამსახურის მუშაობაც უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი ინტერესები უკეთ დავიცვათ. ასე რომ გარკვეულ წილად დიახ ვფიქრობ, რომ შექმნილი ვითარება რაც შეეხება ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს, არის ამ უწყების არც თუ ძალიან ეფექტიანი მუშაობის შედეგი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

კანონმდებლებთან საუბარი ასევე შეეხება დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და საიდუმლო ინფორმაციას.

დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები  დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მივლენ და სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციასაც გაასაჯაროებენ.

„პირველ რიგში გვინდა გავეცნოთ იმ რეფორმებს, რომელიც გატარდა ამ უწყებაში და მართლაც შთამბეჭდავი რეფორმებია. გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი და მნიშვნელოვანია, რომ ეს იცოდნენ დეპუტატებმა. მისი განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვიურად, ორ თვეში ერთხელ მოხდეს დეპუტატების ინფორმირებულობა,“-განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები