25 იანვარი 2022,   03:02
ვრცლად
საფრთხე რუსეთიდან და დაზვერვის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტები - ოპოზიციას უწყებასთან კითხვები აქვს

რა არის ქვეყნის მთავარი საფრთხე და როგორ მუშაობს დაზვერვის სამსახური - ეს იქნება მთავარი საკითხი, რაზეც სამსახურის წარმომადგენლები დეპუტატებს დღეს ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი ასევე უწყებაში მიმდინარე რეფორმებსაც შეეხება. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს დეპუტატები, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ელოდებიან.

ოპოზიციის მთავარი კითხვები დაზვერვის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტები და რუსეთთან დაკავშირებულ თემები იქნება. ოპოზიციის შეფასებით, ქვეყნის მთავარი საფრთხე რუსეთია, თუმცა მათი თქმით, დაზვერვის უწყება ამ საფრთხეზე ადეკვატურად არ რეაგირებს. 

„მთავარი შეკითხვაა, რომ ჩვენ დაზვერვის სამსახურისგან მოვისმინოთ, რა არის მათი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი, რას თვლიან ისინი მთავარ გამოწვევად ამ ქვეყნის უსაფრთხოების და უშიშროებისთვის. მაინტერესებს, კონკრეტულად რა საქმიანობას ასრულებს ეს უწყება, რომ დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს, როგორ იხარჯება დაზვერვის სამსახურისთვის გამოყოფილი მატერიალური რესურსები.

„მთავარი კითხვაა, რამდენად სწორად იხარჯება ის მატერიალური რესურსები, რომელიც ქვეყნის დაზვერვის სამსახურისთვისაა გამოყოფილი, რამდენად სწორად ხდება ანალიზი საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. შეკითხვები იქნება რუსეთის მიმართულებაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები