24 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადამწყვეტი სხდომის სამზადისში - "რუსთავი 2"-სა და სხვა ხმაურიანი საქმეების მოსამართლეები, უვადოდ დანიშვნას ელოდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია. დღეს უნდა გადაწყდეს დაინიშნება თუ არა უვადოთ "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და მასთან ერთად კიდევ 49 კანდიდატი. უვადოთ განმწესების მსურველთა შორის არიან ხმაურიანი საქმეების მოსამართლეები, მათ შორის გიგი უგულავასა და ვანო მერაბშვილის საქმეების მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი, ე.წ. კაბელებისა და ციანიდის საქმის მოსამართლე სააპელაციო სასამართლოდან მანუჩარ კაპანაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლილი მსხილაძე, ასევე მოსამართლე შორენა გუნცაძე, რომელმაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უვადო მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრება ისუტციის საბჭოში დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.50 კანდიდატიდან 13-მა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს არამოსამართლე წევრს, კრიტიკული განცხადებების გამო უნდობლობა გამოუცხადა და ანა დოლიძის აცილება მოითხოვა.

"ჩვენ დავნიშნავთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც სერიოზულად ხელყოფდა ადამიანის უფლებებს. მაგალითად სერგო თეთრაძის საქმე, მაგალითად სულხან მოლაშვილის საქმე. ასეთი ადამიანები შემდეგ შესაძლებელია რომ ბოროტი სისტემის ბერკეტები დარჩნენ, მაგრამ დარჩნენ უვადოდ. ამიტომ, ან ჩვენ გავასუფთავებთ სისტემას და დავნიშნავთ ხალხს, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებს, ან ჩვენს დავტოვებთ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს, რომლებიც ხელყოფს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს,"- აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს იუსტიციის საბჭოს წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით ხდება.

"რაც შეეხება მოსაზრებას რომ გადაწყვეტილებები მიიღება წინასწარ შეთანხმებით ან კლანური პრინციპით, ეს არის იმ ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ზოგი არამოსამართლე წევრი ახორციელებს,"-აცხადებს იუსტიციის საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი.

დღის ამბები