ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის საქმით დაინტერესდა სამოქალაქო სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება, საყურადღებოა და აუცილებელია საქმის დეტალური შესწავლა.
საუბარია ირაკლი შავაძის განცხადებაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის მიზეზად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებას ასახელებს.
სამოქალაქო სექტორი საჭიროდ მიიჩნევენ ეს საკითხი დეტალურად განიხილოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
„ამ განცხადებაში იყო ძალიან საყურადღებო ფაქტები, მათ შორის იმაზე, რაზეც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, რაც უკავშირდება სასამართლოს თავმჯდომარეების არაჯანსაღ გავლენებს. მათ შესაძლო ზეგავლენას საქმეების გადაწყვეტაზეც კი და ასევე კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს მის მიერ გაჟღერებული მესიჯები დაწვრილებით შევისწავლოთ და გვექნება შესაბამისი რეაგირება,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.
მესამე სექტორი კიდევ ერთხელ საუბრობს სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და კლანურ მმართველობაზე. არასამთავრობოები დანაშაულის ნიშნებზეც მიუთითებენ.
„განცხადებაში აღწერილი ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, ამიტომაც აუცილებელია, რომ მასზე პროკურატურას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება,“-აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ბერაია.