19 იანვარი 2022,   09:10
ვრცლად
ჩემი შვილი მოკლულია - არჩილ ტატუნაშვილის მამა

„აქ ხომ ჩაუტარდება ექსპერტიზა და ყველაფერი გაირკვევა,“ - ეს განცხადება, არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა მისი შვილის გარდაცვალების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.

კვლავ უცნობია დაზუსტებული ინფორმაცია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის იზოლატორში, საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას. 

ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ცხედარი დღეს გადმოასვენონ. გარდაცვლილის ახლობლები შიშობენ, რომ გადმოსვენებას საოკუპაციო რეჟიმი განგებ აყოვნებს, რათა რეალური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდეს და ვერ მოხერხდეს იმის დადგენა, თუ რა გარემოებებში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.

გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს. 

„ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ჩემი შვილი მოკლულია. აქვე დაადეს ხელზე ბორკილები, ახალგორში და ისე წაიყვანეს. სავარაუდოდ, გზაში მოხდა შეხლა-შემოხლა, არც ეს არის გამორიცხული, რომ ბოღმისგან გული გაუსკდა,“ - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ამ დროისთვის კვლავაც ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან საქართველოს ორი მოქალაქე და ამ შემთხვევაშიც უცნობია, რა გეგმები აქვს მათთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმს.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. ინციდენტიდან მალევე ცხინვალის, რუსულმა რეჟიმმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილი წაიქცა და გარდაიცვალა. თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები