19 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
მმართველი გუნდის ინიციატივა ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე და ოპონენტების ბრალდება დაგვიანებულ რეაქციაზე

საპარლამენტო  უმრავლესობა  ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით დოკუმენტში აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაზე გაკეთდება.

„დიდი ალბათობით, რეზოლუციაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და ასევე, გავაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს და ის მექანიზმები, რომელიც მონიტორინგზე და პრევენციაზე მუშაობენ, შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას მიესალმება, თუმცა თვლის რომ რეაქცია დაგვიანებულია. საპარლამენტო უმცირესობამ „ქართული ოცნება“ რუსეთთან არასწორი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ბრალდებებს  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არ დააყენა საერთაშორისო ფორუმებზე ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა, რასაც მოჰყვა ის, რომ სახელმწიფო ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ კი ოპონენტები პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მისი ორი მეგობარი კი კვლავ ახალგორში რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები