20 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიცია დღეს მარგინალებად და კონსტრუქციულებად დაყო

თბილისის მერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მარგინალთა ჯგუფი უწოდა.

კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიცია დღეს მარგინალებად და კონსტრუქციულებად დაყო. კალაძე ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალთა ჯგუფს მიეკუთვნება რის გამოც მერიის მაღალჩინოსნები მათთან თანამშრომლობას და მათ კითხვებზე პასუხი გაცემას არ აპირებენ. მერმა აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ კონსტრუქციული პარტიაა.

მერის ამ განცხადებას, მალევე მოჰყვა ოპოზიციის პასუხიც და ურთიერთდაპირისპირებაც. “ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, კალაძემ დღეს „ევროპული საქართველოს“ ლუსტრაცია მოახდინა.

პასუხი მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობის” ამ განცხადებასაც. პარტია ყოფილმა თანაგუნდელებმა გააკრიტიკეს. ევროპულ საქართველოში ფიქრობენ, ახლა არა ოპოზიციის ერთმანეთთან დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების წინაღმდეგ ოპოზიციის გაერთიანებაა საჭირო.

კალაძე ოპოზიციას დღეს საკრებულოში დაგეგმილი შეხვედრის გამო დაუპირისპირდა. ბიბლიოთეკების თემაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომა ვიცე-მერის სოფო ხუნწარიას და განათლენისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მიუსვლელობის გამო ჩაიშალა. ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად ჯერ მერიაში, შემდეგ კი საქალაქო სამსახურში გადაინაცვლეს, თუმცა მათ ვერც იქ შეხვდნენ.

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილემ მოგვიანებით უპასუხა და საკრებულოში არ მისვლის მიზეზიც განმარტა. მისი განაცხადებით არ აპირებენ ბიბლიოთეკების თემის პოლიტიზირებას

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები