20 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი - პოლიტიკური გზავნილები ბრიუსელში

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საკითხი ბრიუსელში პოლიტიკური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიაწოდა.

სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მალე გადაეცემა.

„არავის არ უნდა აკავებდნენ და არც არავინ არ უნდა იღუპებოდეს პატიმრობის დროს. იმედი გვაქვს, რომ ცხედარს რაც შეიძლება მალე გადასცემენ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ახალგორში მყოფი ორი ახალგაზრდა შეძლებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. ჩვენ უნდა ჩავეძიოთ დეტალებს და გავიგოთ ზუსტად, რა მოხდა ან რა იყო გარდაცვალების გარემოება. ამაზე იმსჯელებენ ჩვენი ექსპერტები ხუთშაბათს ერგნეთის შეხვედრაზე. დადგება თუ არა ეს საქმე ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგში, დამოკიდებულია როგორ ჩაივლის ერგნეთის მოლაპარაკებები. შესაძლოა ჰქონდეთ ნამდვილი განზრახვა რომ დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი რეალური მიზეზი და თუ ასეა, მივესალმებით, მაგრამ აუცილებელია ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს. ექსპერტიზის ჩატარება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც შეიძლება,“ - აცხადებს ტოივო კლაარი.

ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელი მაია კოსიანჩიჩი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადებაც გავაკეთეთ. სამძიმარს ვუცხადებთ ტატუნაშვილის ოჯახს და მზად ვართ დავეხმაროთ მიმდინარე გამოძიებას ჩვენი მონიტორინგის მისიით და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გამოყენებით. რაც შეეხება დაკავებულ მოქალაქეებს, ველით რომ დე-ფაქტო ხელისუფლება მათ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას მისცემს. ეს ინციდენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას ნდობის აღდგენისკენ. კარგად იცით, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მხარს ვუჭერთ კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმებსაც,“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩიმ.

 

 

დღის ამბები