ხმაურია თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "თერგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მოვაჭრეები შენობაში შეშვებას ითხოვენ, რათა გადარჩენილი პროდუქტის გამოტანა შეძლონ.
მათი თქმით, შენობაში ელექტროენერგია გამორთულია, რის გამოც მაცივრებში შენახული პროდუქტის დაცვა ვერ მოხერხდება.
"როცა მორჩება გამოძიება მაშინვე შეგიშვებთო. მანამდე მაცივრები გამორთულია, ამდენი საქონელი თუ გაფუჭდა, რაღა გვინდა. ახლავე შეგვიშვან, რომ გადავარჩინოთ,“-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
შენობაში შესვლას ითხოვენ ის დაზარალებულები, რომლებმაც უკვე დაზუსტებით იციან, რომ მათი საქონელი განადგურებულია. ასეთ მოვაჭრეებს აინტერესებთ რა ოდენობის ზარალი მიადგათ.
"არაფერი აღარ მაქვს, მაგრამ ვისი საქონელიც დარჩა გაყინული რძის პროდუქტები ისინი მაინც შეუშვან, რომ ორი კაპიკი შეინარჩუნონ. ჩვენ აღარაფერი გვაქვს ვართ ცარიელი ხელებით“-ამბობს სავაჭრო ცენტრ "თერგის“ მოვაჭრე.
უცნობია, როდის შეიყვანენ დაზარალებულებს შენობაში და როდის დადგინდება ზარალი. მოვაჭრეები შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ელოდებიან.